Friday, May 31, 2013

ბუნებითი ღმრთისშემეცნება


                                      (ბუნებრივი გამოცხადება)
  ქრისტიანს რომელსაც სწამს, რომ მთელი სამყარო შექმნილია ღმრთეებრივი  სიტყვა– შემოქმედის მიერ, მსოფლიო ესახება როგორც მარადიული საღმრთო იდეების გამოცხადება. ამდენად ღმერთის შემეცნება შესაძლებელია სამყაროში არსებული მშვენიერებით, ჰარმონიითა და მიზანდასახულობით. ზოგადად, ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სულის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც, ტერტულიანეს თქმით,– თავისი ბუნებით „ ქრისტიანულია.“
წმ. წერილში უამრავი დამადასტურებელი ადგილის მონახვა შეიძლება იმისა, რომ ღმრთის შეცნობა შეიძლება მის მიერ ქმნულის საშუალებით.
    „ცანი უთხრობენდიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი“ (ფსალმ.18,1)
    „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისთაი ქნულთა მათ შინა საცნაურ იხილვების, და სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი“(რომ.1,20);
    „ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღმრთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეთაგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს შემოქმედი. ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლათა წრე, ან წყალი, ან მნათობები მიიჩნიეს სამყაროს გამგებელ ღმერთებად. თუკი, მათი სილამაზით დატყვევებული, ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმან მშვენიერებისამან, შექმნა ისინი. ხოლო თუ ძალი და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი უნდა იყოს მათზე მათი შემოქმედი. რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენიერების კვალობაზე მათი შემოქმედიც შეიცნობა“.(სიბრძ.13,1-5)
      ღირსი მამა იოანე დამასკელი თავის წიგნში „მართმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“-ამბობს „და თავად სამყაროს შექმნა, მისი დაცვა დამართვა ცხადყ-ყოფს ღმრთეების დიდებას“ ან კიდევ: „.... თავად შედგენილობა (წყობა), დაცვა და განმგებლობა ქმნუულისა გვიჩვენებს ჩვენ, რომ არს ღმერთი,  რომელმაც  ყველაფერი ეს შექმნა, პატრონობს და ყოველივეს განაგებს.“
წმ. მღდეელმთავარი ბასილი დიდი თავის ნაშრომში „ექუსთა ღეთა შესახებ“  პირველ საუბარში ამტკიცებს, რომ „სამყაროს ჭვრეტით (მისი)  შემოქმედის ვერშეცნობა –ეს იგივეა, რომ  შუადღისას (დღისით, მზისით) ვერაფერი დაინახოო“.
ქმნილებათა მიმოხილვის შედეგად ღმრთის ასეთნაირ შემეცნების კოსმოლოგიური გზით დანასკვნი ეწოდება, ე.ი როცა ადამიანი ქმნილი სამყაროს (იგივე–კოსმოსს)  ჭვრეტითა და შემეცნებით მაღლდება იმის გულისხმისყოფამდე, რომ ამ სამყაროს (ნამდვილად) ჰყავს შემოქმედი და განმგებელი.
თუმცა ადამიანი ღმრთის არსებობის დასკვნამდე შეიძლება მივიდეს არა მარტო ბუნების შესწავლით. ეს შესაძლებელია აგრეთვე საკუთარი თავის შემეცნებითაც. ღირსი მამა იოანე დამასკელი ამტკიცებს, რომ  ,,ცნობა იმისა, რომ არსებობს ღმერთი, თვით მან (ე.ი. ღმერთმა) ჩაბეჭდა ყოველივეს ბუნებაში“...
            ადამიანის სულის სამივე ძირითადი ძალა გვემოწმება ჩვენ ღმრთის არსებობაში:
1 _ ადამიანის გონებას წარმოუდგება დასაბამისეული აზრი            უსრულყოფილესისა და უსასრულო არსების შესახებ;  
2 _ რაც შეეხება ნებას, მისთვის ესაა სინდისის ხმა ადამიანში და ზნეობრივი კანონი, რომელსაც საკუთარ თავში გრძნობს ადამიანი;
3 _ გულისმიერი ცხოვრებისა და განცდის სფეროში ანუ გრძნობებისათვის–ესაა ნეტარებისადმი თანდაყოლილი მისწრაფება;
         ამასთან საღი გონება და ზნეობრივი კანონი ადამიანს კარნახობენ, რომ ნეტარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ (ღმრთის) სათნოდ ცხოვრების შედეგი იყოს, მაშინ როდესაც ცოდვილნი–ღირსნი არიან დასჯისა.
            წმ. ბასილი დიდი ძველი აღთქმის წიგნის– ,, მეორე რჯულის“ (თავი მე–15–ე) მისეულ განმარტებებში, ღმრთის მოწოდებაზე: ,,ყურად–იღე...“  ამბობს:  ,,თუკი ყურად –იღებ, შენ აღარ დაგჭირდება შემოქმედისეული ძალების ძიება კოსმიურ წყობაში, არამედ შენშივე, ვითარცა მცირე რამ სამყაროში, დაინახავ შენი შემოქმედის უდიდეს სიბრძნეს“.
გარდა ამ ორი გზისა, ანუ კოსმოლოგიური დანასკვნისა და თვითშემეცნებისა, შეიძლება მივუთითოთ ღმრთისშემეცმების კიდევ ერთ გზაზე–ესაა კაცობრიობის ისტორიის  შესწავლა, რომელიც ასევე მოწმობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მოქმედებს ღმრთის განგებულება, რომელიც მართავს ისტორიულ პროცესებს.
 თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბუნებითი ღმრთისშემეცნება და ბუნებითი გამოცხადება წარმოადგენენ მხოლოდ საწყის და ძალიან შეზღუდულ მეთოდს ღმრთისშემეცნებაში. ამგვარ ღმრთისშემეცნებას შეუძლია მიგვიყვანოს მხოლოდ ზოგად და გაურკვეველ წარმოდგენებამდე ღმრთის შესახებ, როგორც სამყაროს შემოქმედსა და განმგებელზე.
ამას გარდა, ცოდვით დაცემის შედეგად ბუნებრივი ღმრთივშემეცნება დამატებით დამძიმდა იმითაც, რომ დაირღვა და დამახინჯდა ადამიანსა და მის გარშემო არსებულ სამყაროს შორის ურთიერთობა, და ადამიანი ყოველთვის ვერ ჭვრეტს სამყაროსეულ სიმშვეიერესა და ჰარმონიულობას, ამასთან ერთად ცოდვით დაცემის შედეგად თავად ადამიანის ცნობიერების შესაძლებლობები ერთობ მოუძლურდა და დაიბინდა.
ბუნებრივი გამოცხადების შემდგომ ეტაპს ღმრთისშემეცნებაში წარმოადგენს წმ. წერილიდან და წმ. მამათა თხზულებათაგან შემეცნება. ღმრთის შმეცნების ამ სახეს შუალედური ადგილი უკავია ბუნებით და ზებუნებით შემეცნებებს შორის.
თავისი პირვლწყაროს მიხედვით ეს ზებუნებრივი ცოდნაა, რამეთუ წმ. წერილი იგივე ღმრთის სიტყვაა, თუმცა მეორეს მხრივ, გათავისების მეთოდის მიხედვით იგი წარმოადგენს ბუნებითს, და შესაბამისად, ის მცოდნეობა, რომელსაც ჩვენ წმ. წერილსა და წმ. მამათა თხზულებათა შესწავლით ვგებულობთ, ბუნებითი და შეზღუდული რჩება. წმ. წერილიდან ჩვენ ვიძენთ ღმრთის შესახებ ცოდნას, მაგრამ ღმრთის ცოდნასა და ღმრთის შესახებ ცოდნას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.
ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამხელს მათ: „რომლებიც ამბობენ და ჰგონიათ, რომ გარეგანი სიბრძნითა და სწავლულთა ნაწერებით იციან ნამდვილი ჭეშმარიტება და თავად ღმერთიც, და რომ ამ საშუალებით მოიპოვებენ ღმრთის დაფარულ საიდუმლოთაც კი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სულიწმიდის მიერ ცხადდება“. 

No comments:

Post a Comment