Friday, May 31, 2013

ღმრთის შემეცნების ხასიათი და საზღვრები


ღმრთისშემეცნების ხასიათსა და საზღვრების
ირგვლივ აღძრული პოლემიკა    IV საუკუნეში


ქრისტიანულ ღმეთისმეტყველებაში საკითხი ღმრთისშემეცნების ხასიათსა და საზღვრების შესახებ პირველად დაისვა IV საუკუნეში მიმდინარე ტრინიტარული დავების ფონზე.
356 წელს ალექსანდრიაში „ანომეველობის“ ქადაგებით გამოვიდა აეტიოსი. „ანომეველობა“ სიტყვასიტყვით არამსგავსებას ნიშნავს. ანომეველები იყვნენ უკიდურესი არიოზელები, რომლებიც უარყოფდნენ არამარტო მამისა და ძის ერთარსობის (თანაარსობის) შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას, არამედ ზომიერ, კომპრომისულ სწავლებასაც აღნიშნულ საკითხზე მართლმადიდებელთა და არიოზელთა შორის.
შემდგომში აეტიოსი ანტიოქიაში გადასახლდა, რომელიც იმ პერიოდში არიოზელთა დიდ დასაყრდენს წარმოადგენდა, სადაც განავრცო კიდეც თავისი სწავლება. საეკლესიო ისტორიკოსი სოზიმენე მის შესახებ გვაუწყებს, რომ იგი „ძლიერი ორატორი იყო და ძლზე გამოცდილი საჯარო პაექრობებში“, ხოლო წმ. მღვდელმთავარი ეპიფანე კვიპროსელი ასე წერს აეტიოსის შესახებ: „იგი დილიდან საღამომდე თავაუღებლად იჯდა და გეომეტრიული ფიგურების საშუალებით ცდილობდა შეედგინა ღმრთის შესახებ სწავლებანი“.
ამგვარად დოგმატიკა აეტიოსისთვის წარმოადგენდა რაღაც თამასობებსა და დიალექტიკურ განსაზღვრებებს, და თავისი პატივმოყვარეობით იმასაც კი ამტკიცებდა, რომ საკუთარ თავზე უკეთესად ვიცი ღმერთიო. 


ევნომიოსელთა დოქტრინა
აეტიოსს მრავალი მოწაფე ჰყავდა და მათ შორის იყო ვინმე ევნომიოსი, წარმოშობით კაბადიკიელი, რომელსაც საეპისკოპოსო კათედრა ეკავა კიზიკეში. სწორედ მან მისცა აეტიოსის დიალექტიკას ლოგიკური თანამიმდევრობა და სისრულე.
იგი ამტკიცებდა; რომ „ადამიანის ჭეშმარიტი მიზანი და სარწმუნოების დედააზრი... ღმრთის შემეცნებაში ძევს და ამასთან ოდენ თეორიულში“–ო.
   IV საუკუნეში დაისვა ღმრთისმეტყველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და პრინციპიალური საკითხი: „როგორაა საერთოდ შესაძლებელი ღმრთის შემეცნება?“
       მართლმადიდებელთათვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ღმრთისშემეცნების მართლმადიდებლური თეორია დაფუძნებულია ერთარსობის იდეაზე. გავიხსენოთ იოანეს სახარებიდან წმ. ფილიპე მოციქულის სიტყვები და მაცხოვრის პასუხი მათზე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაი შენი და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე ფიილპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი,...არა გწამსა რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაი ჩემ თანა არს?“(ინ.14,8–10). ამდენად მართმადიდებელთათვის, მამისა და ძის ერთარსობიდან გამომდინარე, ღმრთისშემეცნების სისავსე შესაძლებელია ქრისტეში.
           ბუნებრივია, რომ ანომეველები, რომლებიც უკიდურესი არიოზელები იყვნენ, ვერ შეძლებდნენ შემეცნების ასეთი თეორიის მიღებას და ისინი იძულებულნი გახდნენ შეექმნათ საკუთარი ღმრთისშემეცნების თეორია. და ამ, არიოზელთა შემეცნების თეორიის დეტალურად შემუშავებას შეუდგა კიდც ევნომიოსი.
ევნომიოსის თეორიამ „სახელთა თეორიის“ სახელწოდება მიიღო, იგი ამტკიცებდა, რომ ყველა ცნება, რითაც კი სარგებლობენ ადამიანები, შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
  პირველი–ესაა ადამიანთა მიერ წოდებული, სახელდებული, ე.წ. „მონაგონი“ ცნებები. ევნომიოსის აზრით, ასეთი ცნებებს შეიძლება ვუწოდოთ ლოგიკური ფიქციები, რომლებიც მხოლოდ პირობითად მიანიშნებენ საგნებზე. არსებითად ესაა რაღაც ზედმეტსახელები, რომლებიც არაფერს გვეუბნებიან საგანთა ბუნებაზე და არავითარ ობიექტურ ცოდნას არ შეიცავენ.
  ამ ლოგიკურ ფიქციებს ევნომიოსი უპირისპირებს მეორე ჯგუფს, ე.წ. „საგნობრივ“ სახელებს. ესენი გვიჩვენებენ თავად არსს საგნებისა, განუყოფელად არიან დაკავშირებული მათთან და გარკვეულწილად მათ (ე.ი.საგნების) ენერგიებს წარმოადგენენ. მათში ჩადებულია ღმრთის სიბრძნე და შესისხლხორცებულია ყოველი შესაბამისიქმნილი საგნის მარჯვედ შერჩეული სახელი. სწორედ ეს საგნობრივი, ანუ სოფიური სახელები, განფენილნი ცნებებსა  და ნიშანთვისებებში, გვაძლევენ ჩვენ ობიექტურ ცოდნას სამყაროს შესახებ.
  ევნომიოსის სწავლება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს (ლ.პ. კარსავინის მიხედვით)
  „ღმერთი... სარყაროში თავის თავს ამჟღავნებს თავისივე ნამოქმედარის ნაყოფებით, რომლებიც მოწმობენ მასზე...ღმერთმა შექმნა საგნების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაც, მოქმედებაცა და შესაბამისობაც; მანვე შეათანხმა თვითოეული სახელდებული საგნის დასახელება (სახელი) მათშივე ჩადებული კანონების შესაბამისად ანუ, რაც იგივეა, მათ ბუნებასთან. ამგვარად, ძირითადი ცნებები, არისტოტელესეული კარეგორიები, „სახელები“ ჩვენ მოცემული გვაქვს და ცნებებისა და განსაზღვრებებისაგან შემდგარი ჩვენი ცოდნა ჩვენი მოგონებული კი არაა, არამედ ესაა თავისი წამომავლობით გამოცხადებითი ცოდნა. მაგ. როდესაც ღმერთმა ბრძანა არარასაგან მიწის წარმოქმნა, მან წარმოსთქვა სიტყვა „მიწა“ და მიწა გაჩნდა როგორც ხორცშესხმა ამ სახელისა. იგივე სახელი ჩაბეჭდა ღმერთმა ჩვენს სულში. მაშასადამე სახელებიდან და ცნებებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია  ლოგიკურად ჩამოყალიბებული სისტემის შექმნა და სრული სიცხადის მიღწევა“.
            სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელთა თეორია ვარაუდობს საგანთა სამყაროსა და ადამიანურ შემეცნებულ გონებრივ სტრუქტურას შორის თავდაპირველ, ღვთისაგან დადგინებულ, ურთიერთშეთანხმებას. ყველა საგანი იქმნება განსაზღვრული კატეგორიების შესაბამისად და სწორედ ეს კატეგორიებია შესისხლხორცებული ადამიანის გონებასთან. შემეცნების მიზანი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ დამყარდეს კავშირი ობიექტური სამყაროს ცნებებსა და ადამიანურ გონებას შორის.
            ბუნებრივია, რომ ევნომიოსი ამაზე არ შეჩერებულა, რამეთუ შემეცნების საშუალებეზე და საზღვრებზე დავა მეოთხე საუკუნეში უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყო ღმრთის შემეცნების საკითხთან.
            ევნომიოსი ამტკიცებს, რომ გრძნობადი საგნების სახელებთან ერთად არსებობენ აგრეთვე გონებისმიერი საგნების სახელებიც, რომლებშიც ასევე ჩადებულია ყველაზე უფრო ზუსტი ასახვა სახელდებულისა კერძოდ, არსებობს ღმრთის სახელები და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ შგვიძლია ვიცოდეთ ღმერთი არანაკლებ, ვიდრე თავად მან იცის თვისი თავი (აქ, რა თქმა უნდა არ იგულისხმება ღმრთის არსის შემეცნების შესაძლებლობა, რაც არამართებულადაა შეფასებული ზოგიერთი ავტორის სახელმძღვანელოში).
            ევნომიოსის მიხედვით, ადამიანს, როგორც შემეცნების სუბიექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ღმრთის სახელთა მთელი სიმრავლიდან მოძებნოს ისეთი სახელი, რომელიც ყველაზე უფრო მიესადაგება ღმრთაებრივ ბუნებას. იმეორებს რა თავისი მოძღვრის, აეტიოსის აზრს, ევნომიოსი ასკვნის, რომ ასეთი სახელი, რომელიც მისაღებია მხოლოდ ღმრთისადმი და მიუღებელია ქმნილებისადმი, არის „არშობილი“ („უშობელი“). სწორედ ეს სახელი წარმოადგენსო ღმრთაებრივი არსის ყველაზე უფრო სრულ გამოხატულებასო. 

No comments:

Post a Comment