Friday, May 31, 2013

როგორ მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა?


ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე - მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი მისი შეთვისებისა ისე, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა, რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები.
ამ ორი საწყისის ერთობლივ მოქმედებაზე საუბრობს პეტრე მოციქული: „რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ... და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ და ღმრთისა მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ“ (2 პეტ. 1,3,5-9). ასევე პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: „შიშითა და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფლპ. 2,12-13), ანუ თავად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე საღვთო მადლით გეძლევათ. „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“ (საკვირაო ცისკრის წარდგომა, ხმა 3).

ამ წმიდა სწავლების შესაბამისად, კართაგენის (III ს.) კრებამ განმარტა: „ვინც ამბობს, რომ საღვთო მადლს, რომლითაც განვმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ ჩადენილი ცოდვების მოტევება შეუძლია და არ მოგვმადლებს შემწეობას, რათა შემდგომში აღარ ვცოდოთ, შეჩვენებული იყოს! რამეთუ საღვთო მადლი არა მარტო გვაძლევს ცოდნას, თუ რა უნდა ვაკეთოთ, არამედ სიყვარულს შთაგვბერავს, რათა შევძლოთ, აღვასრულოთ ის, რასაც შევიცნობთ“.
მართლმადიდებელ მოსაგრეებს თავიანთი გამოცდილება კარნახობს, მთელი ძალით მოუწოდონ ქრისტიანებს, თავმდაბლად შეიგნონ თავიანთი უძლურება, რათა იმოქმედოს ღვთის მაცხონებელმა მადლმა. ამის თაობაზე შთამბეჭდავია ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარიგებანი (XI ს.):
„თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს. როგორც ნეტარი პავლე მოციქული ამბობს, სულმა უნდა იღაღადოს მთელი ხმით, კაცთა და ანგელოზთა გასაგონად, რომ მოქმედებს არა თავად, არამედ „მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა“ (I კორ. 15,10). მოციქულები და წმიდანები, მოწამენი და იერარქები, ღირსნი და მართალნი - ყველა აღიარებს სულიწმიდის ამგვარ მადლს. ისინი ასეთი აღიარებისათვის იღვწოდნენ და მისი (მადლის) შემწეობით აღასრულეს ღვაწლი კეთილი და სლვაჲ თჳსი“.
1.        ქრისტიანის სახელის მატარებელს, - ვკითხულობთ იმავე მამასთან, - თუ გულით არ სწამს, რომ სარწმუნოებით ბოძებული საღვთო მადლი არის წყალობა ღვთისა... თუ იგი იმ მიზნით არ იღვწის, რომ პირველად საღვთო მადლი ნათლისღებით მიიღოს, ან თუ გააჩნდა და ცოდვის ჩადენის გამო დაკარგა, ისევ მოიპოვოს სინანულით, აღსარებითა და თავის დამამდაბლებელი ცხოვრებით: და ამის ნაცვლად არიგებს მოწყალებას, მარხულობს, მღვიძარებს, ლოცულობს და .. და თან ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან სათნოებებსა და თავისთავად დასაფასებელ კეთილ საქმეებს ასრულებს, ამაოდ გაირჯება და დაშვრება“.
2.        რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტანულ ღვაწლს? იგი იარაღია, რათა დაითრგუნოს „გულისთქუმაჲ ხორცთაჲ, გულისთქუმაჲ თუალთაჲ, სილაღე ამის ცხორებისაჲ“ (I ინ. 2,15-16). მისი საშუალებით განიწმიდება სულიერი ველი ქვათაგან, სარეველებისა და ჭაობის წუმპესგან და მომზადდება წმიდა ნათესისათვის, რომელსაც ზემოდან გარდამოსული საღვთო მადლი მორწყავს. მადლის ქვეშ იგულისხმება ღვთის მაცხოვნებელი ძალა, რომელიც გვენიჭბა მაცხოვრის დამსახურებათა გამო და რომელიც ახდენს ჩვენს განათლებას. . ერთის მხრივ გვწმენდს ცოდვათაგან, მეორეს მხრივ – გვამზადებს და გვზრდის სათნოებებში მარადიული ცხონებისათვის. აქ შეიძლება გამოვყოთ სამი რამ:

ა)     მადლი არის ღვთის ძალა. ეს ჩანს პავლე მოციქულის მიმართ მაცხოვრის სიტყვებში: “და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაითა დაემკვიდროს ჩემთანა ქრისტემან” (2კორ.12.9)  და სხვაგან: “რომლისათვისცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.” (კოლ.1.29)
 ბ) მადლი გვეძლევა იესო ქრისტეს დამსახურების გამო, როგორც გვასწავლის პავლე მოციქული: “ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა  მარადის თქუენთვის მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესოს მიერ.”(1 კორ1.4) “ ნუ უკუე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩუენისაი, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ Tანა-იჭირვოდე სახარებასა  მას ძალითა ღმრთისაითა, რომელმან-იგი მიხსნა ჩუენ მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათვის, არამედ თვისითა ნებითა და მადლითა, რომელ მომცა ჩვენ ქრისტე იესუის მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა.” (1ტიმ 1.8-9)
გ) მადლი გვეძლევა განწმედისა და გამართლებისთვის, სათნოებაში წარმატებისა და ხსნისთვის. რაზეც წმიდა წერილშიცაა საუბარი: “მადლი ქუენდა და მშვიდობაი გამრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაითა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! რომელმან-იგი ყოველივე თვისისა ღმრთეებისა ძალი ძალი საცხოვრებელად და ღმღთისა სამსახურებლად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმა-იგი მიჩინნა ჩუენ თვისსა მას დიდებასა და სათნოებასა (1პეტ.1.2,3)  “სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი, რაითა ვითარცა-იგი სუფევდა ცოდუაი სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა”(რომ.50.20,21), “რაითა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკვიდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოისასა”(საქ.მოც.15.11).
  საღმრთო მადლი ვლინდება ღვთის ყოველ განგებულებაში და მოქმედებაში, წმიდა საიდუმლოებებში.
ნათქვამიდან გამომდინარე გვმართებს, განვასხვავოთ ცნებები: საღვთო განგებულება და საღვთო მადლი. საღვთო განგებულებას ვუწოდებთ ძალას, რომლის შემწეობითაც ხდება სამყაროს, შესაბამისად კაცობრიობისა და თითოეული ადამიანის არსებობისა და ცხოვრების შენარჩუნება. საღვთო მადლი არის სულიწმიდის ძალა, რომელიც მოიცავს ადამიანის შინაგან არსებას და მას სულიერი სრულყოფისა და ცხონებისაკენ წარმართავს.


აქ აღსანიშნავია ერთი მომენტი, რომლის გაფიქრებაც ადამიანს კეთილკრძალულებით აღაფრთოვანებს: შემოქმედმა, რომლის მარჯვენასაც უპყრია ყოველივე, შესაქმისთანავე ყველა ორგანულ არსებას, და მათ შორის მცენარეულ სამყაროსაც, მიანიჭა თავიანთი ბუნებისა და მოწყობის შესაბამისი ზრდა-განვითარების, საკუთარ ძალთა გამოყენებისა და გარემოთი სარგებლობის თავისუფლება. უფრო ფართო თავისუფლება შემოქმედმა დედამიწის უმაღლეს, გონიერ და ზნეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ქმნილებას - ადამიანს უბოძა.
საღვთო განგებულება  განეფინება ყოველივეს: თავისთავში მოიცავს და საერთო განგებულებითი გეგმით წარმართავს ბუნებრივ და ინსტიქტურ სწრაფვათა მრავალგვარობას თუ მოაზროვნე სამყაროსთვის დამახასიათებელ ლტოლვას ზნეობრივი თავისუფლებისაკენ. საღვთო სიკეთე აწესრიგებს და კურნავს სამყაროსეულ მრავალგვარ მისწრაფებათა ურთიერთშეჯახებისას წარმოქმნილ ყოველგვარ არასრულყოფილებას, ტანჯვასა და სნეულებას, იგი აცხრობს მტრობას და მთელი სამყაროს ცხოვრებას მისთვის განსაზღვრული კეთილი მიზნისკენ წარმართავს. თავისსავე შექმნილ გონიერ არსებებს კი უფლის მარადი განდიდებისკენ სავალ გზას უხსნის.

No comments:

Post a Comment